пятница, 4 сентября 2015 г.

აღორძინება და ჰუმანიზმი

   რენესანსის ხანამ ახალი მიამრთულება მისცა ყველა მიმდინარეობას რასაც ადამიანთან ჰქონდა შეხება, ხელოვნებას, ლიტერატურას, არქიტექტურას და ვაჭრობასაც კი.,  დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები,  განხეთქილება დასავლურ ქრისტიანობაში, სწორედ ის მიჯნაა,  საიდანაც იწყება, შუა საუკუნეების ეპოქიდან ადრეულ ახალ დროში გადასვლა.
    რენესანსის პირველი გამოვლინება იტალიაშ მოხდა, შემდგომში კი მთელ ევროპაში გავრცელდა. ქრონოლოგიურად რენესანსის ეპოქა მოიცავს პერიოდს XIV  საუკუნის შუა ხანებიდან XVI საუკუნის ბოლომდე.  ფრანგული სიტყვა რენესანსი, რომელიც (ტერმინი დაამკვიდრა XIX  საუკუნის ფრანგმა ისტორიკოსმა ჟიულ მიშლემ)  აღორძინებას ნიშნავს სახვით ხელოვნებაში,  ლიტერატურასა და მეცნიერებაში და ანტიკური კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებასა და მისი აღდგენისაკენ სწრაფვას გამოხატავს.
    ჰუმანიზმი  აღორძინების კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და ანტიკურ ტრადიციებზე დაფუძნებული განათლების გზით ადამიანის თავისუფალ განვითარებას ქადაგებდა.  ის ფაქტი,  რომ აღორძინება იტალიაში დაიწყო, სულაც არაა შემთხვევითი.  XIV  საუკუნისთვის იტალიის ქალაქ-სახელმწიფოები, განსაკუთრებით ვენეცია,  გენუა და ფლორენცია, აღმოსავლეთის ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარებისა და ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ იტალიაში,  უპირველეს ყოვლისა,  ბიზანტიური კულტურული გავლენის შეღწევის შედეგად,  შუა საუკუნეების ევროპის ეკონომიკურად და კულტურულად დაწინაურებულ ცენტრებად ჩამოყალიბდა. და ამ კულტურულმა გავლენამ კოსტანტინოპილის დაცემის (1453 წ.) შემდეგ უფრო იმატა, რადგანაც მრავალმა ბიზანტიელმა სწავლულმა თავი იტალიას შეაფარა.  აღორძინების ხანის მეცნიერება და ხელოვნება გამოდის შუა საუკუნეების თეოლოგიური მსოფმხედველობის ჩარჩოებიდან და მთელ თავის ყურადღებას ადამიანს აპყრობს. რენესანსის ეპოქაში ადამიანი, თავისი საქმიანობის ყველა სფეროში ცდილობს საკუთარი ძალებით,  საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით საკუთარი გონებით შეიმეცნოს სამყარო.  ბუნებაზე დაკვირვებამ,  პროპორციებისა და ანატომიის შესწავლამ შესაძლებელი გახადა სინამდვილის ზედმიწევნით ზუსტი გამოსახვა ფერწერასა და ქანდაკებაში.  ოპტიკისა და გეომეტრიის კანონების შესწავლის შედეგად პერსპექტივის აღმოჩენის წყალობით მხატვრებმა სივრცის გამოსახვა შეძლეს.  ახალი მეთოდების გამოყენების გამო იტალიელების მიქელანჯელოს,  ლეონარდო და ვინჩისა და გერმანელი ალბრეხტ დიურერის ნაწარმოებები სამეცნიერო მიღწევების რიგს უთანაბრდებოდა.
    გარდატეხა მოხდა ასევე მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაში.  პოლონელმა ასტრონომმა ნიკოლაი კოპერნიკმა სპეციალურ გამოთვლებზე დაყრდნობით შეიმუშავა ჰელიოცენტრული სამყაროს თეორია,  რითაც ამტკიცებდა რომ სამყაროს ცენტრში მზე დგას და ყველა პლანეტა მის გარშემო ბრუნავს.  კოპერნიკის თეორიას იზიარებდა იტალიელი მათემატიკოსი,  ფიზიკოსი და ასტრონომი გალილეო გალილეი.  ამის გამო მას ერეტიკოსობაში დასდეს ბრალი, გაასამართლეს 1615 წელს და აიძულეს უარი ეთქვა თავის მოსაზრებაზე.
   ქრისტეფორე კოლუმბმა და პორტუგალიელმა ფერნანდო მაგელანმა გეოგრაფიული აღმოჩენებით დაადასტურეს,  რომ დედამიწა მრგვალია.  მათემატიკური მიღწევების გამოყენებით გეოგრაფებმა შეძლეს დედამიწის სფერული ზედაპირის რუკების ორგანზომილებიან სიბრტყეში გადატანა.
   უნივერსიტეტებში აქტიურად იკვლევდნენ ძველ ბერძენი,  რომაელი მწერლების,  ფილოსოფოსებისა და ისტორიკოსების ნაწარმოებებს.  ინტენსიურად სწავლობდნენ ძველ ორიგინალურ ტექსტებსა და წყაროებს. ჰუმანისტი მეცნიერების მფარველმა და თავად ჰუმანისტმა პაპმა ნიკოლოზ V-მ ანტიკური ხელნაწერების დასაცავად ვატიკანის ბიბლიოთეკა დაარსა.   ჰუმანისტმა მეცნიერმა ლორენცო ვალამ ცნობილი დოკუმენტის „კონსტანტინეს ნაბოძების“  კრიტიკული შესწავლის გზით დაადგინა მისი სიყალბე.  ძველი ტექსტების შესწავლის პროცესში საფუძველი ჩაეყარა მეცნიერების ახალ დარგს - ენათმეცნიერებას.
   აღსანიშნავია ჰუმანისტების ერაზმუს როტერდამელისა და იოჰანეს როიხლინის ღვაწლი.  ერაზმუს როტერდამელმა შეისწავლა და გამოსცა სახარების ძველი ბერძნული ტექსტი,  რომელსაც ახალი აღთქმის ნაკლებად სარწმუნო ლათინური თარგმანი უნდა ჩაენაცვლებინა. იოჰანეს როიხლინმა ძველი ბერძნულის გარდა, ძველი ებრაული ენაც შეისწავლა და შეადგინა ებრაული ენის გრამატიკა,  რომლის დახმარებითაც თეოლოგიის სტუდენტებს ძველი აღთქმის ებრაული ტექსტის წაკითხვაც შეეძლოთ.  გერმანელი იოჰანეს გუთენგერგის მიერ წიგნის ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოგონებამ (1445 წ.) და სტამბის დაარსებამ (1450  წ.)  ხელი შეუწყო აღორძინების ხანის ახალი მსოფმხედველობისა და სამეცნიერო მიღწევების გავრცელებას ევროპაში.  აღორძინების ხანის ერთ-ერთ განმაპირობებელ საფუძველი იყო. ადრეკაპიტალისტური ურთიერთობები, რომლებიც იტალიაში განვითარდა და გამოიხატა როგორც ფინანსურ, ისე კომერციულ და სამრეწველო სფეროში. ეს პირველი მეწარმეები ძირითადად საფეიქრო და სამთამადნო მრეწველობაში საქმიანობდნენ.  მათ შექმნეს პირველი მსხვილი მანუფაქტურული საწარმოები.
   მათ საწარმოებში გამოიყენებოდა თავისუფალი დაქირავებული შრომა.  XIV  საუკუნიდან საწარმოო პროცესის ორგანიზების ეს ფორმა კონკურენციას უწევს შუა საუკუნეების ამქარს.  იტალიელმა (ფლორენციელმა) მედიჩებმა და გერმანელმა ფუგერებმა,  რომლებიც უმსხვილეს მაგნატებს წარმოადგენდნენ შექმნეს საერთაშორისო სავაჭრო სისტემა,  რომელსაც წარმატებით მართავდნენ საკუთარი ფილიალების ქსელის მეშვეობით.  მათ შექმნეს საერთოევროპული საბანკო სისტემა,  რომლის ფარგლებშიც უმნიშვნელოვანეს გამოგონებათა რიცხვს განეკუთვნება თანამედროვე საბუღალტრო აღრიცხვა და უნაღდო ანგარიშსწორება ჩეკებისა და თანხის გადარიცხვის მეშვეობით.  ამ პროცესმა,  რომელსაც „კომერციულ რევოლუციასაც“  უწოდებენ, დასაბამი მისცა მეურნეობის ახალ მოდელს, რომელიც ადრეული კაპიტალიზმის სახელითაა ცნობილი. ადრეული კაპიტალიზმის ცენტრებად იქცა იტალიისა და ფლანდრიის ქალაქები.  ეკონომიკური საქმიანობისა და ცხოვრების ახალ წესზე გადასვლის სიმბოლოდ ბევრი მიიჩნევს XIV საუკუნის დასაწყისში გირებიანი საათის გაჩენას ევროპის ქალაქების ყოფაში. მან ძირეულად შეცვალა როგორც ადამიანის ფსიქიკა და აზროვნების წესი, ისე დროის აღქმა. სამუშაო დროის მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე განსაზღვრას ცვლის ახალი, დროის ზუსტი რაციონალური განაწილება. ეს ახალი დამოკიდებულება,  მოგვიანებით ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისისთვის (XVIII-ის 60-იანი წლები), ნათლად აისახა ამერიკელი პოლიტიკოსისა და გამომგონებელის ბენჯამინ ფრანკლინის გამონათქვამში „დრო ფულია".

Комментариев нет:

Отправить комментарий